სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
23 იან `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 1

აირჩიე კატეგორია  


ადამიანის უფლებები და საყოფაცხოვრებო პრობლემები: რა კავშირია მათ შორის და რა მიზნით შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგია?

კატეგორია 1 - 2015-05-21



ერთ წელზე მეტი გავიდა რაც საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პირველი ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის პირველად ვერსიაზე დავასრულე მუშაობა. რა თქმა უნდა, სტრატეგიის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტმა გასული წლის აპრილის ბოლოს დაამტკიცა, არაერთი ადამიანის კონტრიბუციით მიღებული ტექსტია. ჩემი პირველადი ვერსია პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე არაერთხელ გადაიხედა, გადამუშავდა და შეიცვალა. დასაწყისშივე ვიცოდი, რომ საბოლოო ტექსტი მთლიანად ჩემი „საავტორო" ნამუშევარი ვერ იქნებოდა, რომ ალბათ ზოგიერთი ცვლილება გულს დამწყვეტდა რაღაცის ტექსტიდან ამოღების ან ტექსტში ჩამატების გამო, თუმცა მასზე მუშაობისას მაინც მქონდა სიამაყის და შინაგანი მღელვარების გრძნობა: ის რაც ჩემ ქვეყანას აქამდე არასოდეს ჰქონია და რაც ვიცი, რომ ასეთი მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს, პირველად აქ, ამ კომპიუტერში იქმნება!

ჩემი მოლოდინი ტექსტის ცალკეულ ნაწილებზე გულდაწყვეტასთან დაკავშირებით გამართლდა. მაგრამ პირველად ვერსიაზე ჩემი მუშაობით გაჩენილმა ინდივიდუალისტურმა სიამაყემ პოზიტიური ტრანსფორმაცია განიცადა „საერთო საქმის" კეთებაში მიღებული მონაწილეობის სიამაყეთ: ჩვენ ეს შევძელით! პირველად თავისი არსებობის მანძილზე, სახელმწიფომ ერთიანი, მრვალმიზნობრივი სამართლებრივი აქტით აიღო ვალდებულება თითოეულ დღეზე და სახელმწიფო ინსტიტუტის კონკრეტულ საქმიანობაზე გათვლილი ნაბიჯების შესრულებაზე ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო პრინციპების ცხოვრებაში გასატარებლად!

როდესაც სტრატეგია ჯერ კიდევ მუშავდებოდა, შიდა შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის, ამ საკითხზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანება. რამდენად მოხდება სტრატეგიის დებულებების რეალურ ცხოვრებაში თანდათანობითი გადატანა, იმდენადვეა (თუ მეტად არა) დამოკდებული საზოგადოების მიერ სტრატეგიის ცხოვრებაში გატარების მოთხოვნაზე, რამდენადაც იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მოქმედებებზე, რომლებსაც ევალებათ მისი ცხოვრებაში გატარებისათვის აუცილებელი ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა. მეტიც, ამ შემთხვევაში, ხსენებული კეთილსინდისიერება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივი მოთხოვნის სიმძაფრეზე. ეს იმიტომ კი არაა ასე, რომ ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს ადამიანის უფლებები, არამედ იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის უფლებების პატივისცემის რეალობაში დამკვიდრების თავისებურება: მისი ოდენობა და ხარისხი მოთხოვნის სიმძაფრეზეა დამოკიდებული.
სტრატეგიის შემუშავების პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა, ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთოვრობო ორგანიზაციებს თუ მოვიაზრებთ, საკმაოდ ფართო და ინკლუზიური იყო. ამის მიუხედავად, რიგი მიზეზებით, მრჩებოდა და დღემდე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი არსებობის და არსის კომუნიფიცირება კიდევ უფრო ფართოდ უნდა მოხდეს. სტრატეგიის სტატუსი და წარმატება ამაზე უშუალოდაა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ იგი მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მსჯელობის საგანად დარჩება, აღქმის თვალსაზრისით, პოლიტიკოსების მიერ მისი სტატუსი  ბიუროკრატიის შემადგენელ ერთ-ერთ დოკუმენტს გაუტოლდება. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამით მისი სრული იგნორირება მოხდება, მაგრამ მისი შესრულების ეფექტიანობაზე კნინობით გავლენას აუცილებლად იქონიებს. პოლიტიკური პრიორიტეტები და შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტების ყოველდღიურ საქმიანობაში უპირველესი ამოცანების ფორმირება, უაღრესად რეპრესიული რეჟიმების მიერ მართული ქვეყნების გარდა, უმეტესად იმის მიხედვით ყალიბდება რაც „ხალხს სურს".

ერთი შეხედვით, ლეგიტიმურია იკითხო, როგორ უნდა „სურდეს ხალხს" „ადამიანის უფლებები" (ეს აბსტრაქტული, არახელშეხებადი სემანტიკური კატეგორია!), მაშინ, როდესაც ბევრს კვლავაც უჭირს „პურის ფული", აქვს ამით გამოწვეული საარსებო პრობლემები და თუ კიდევ საერთოდ რამის ეფექტიანად „მოთხოვნის" თავი აქვს ხელისუფლებისაგან, ეს ამ პრობლემების გადაჭრაში ხელის შეწყობის მოთხოვნაა.

სტრატეგიის პირველად ვერსიაზე მუშაობისას, გააზრებული მქონდა ეს პრობლემა: იმისათვის, რომ იგი „ხალხს სურდეს" საჭიროა განმარტო რა კავშირია ადამიანის უფლებებს და საყოფაცხოვრებო პრობლემებს, „პურის ფულს" შორის, რაც არც თუ ისე იოლი ამოცანაა და ბევრი ადამიანის ცალკეული ძალისხმევის ერთობლიობით თუ გადაიჭრება. ამ ამოცანაში ჩემი წვლილის შესატანად, გადავწყვიტე ე.წ. „განმარტებითი ბარათის" პრაქტიკას მივმართო, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში გამოიყენება და რომლითაც კანონპროექტის მიღებამდე, განიმარტება კანონპროექტის დანიშნულება და მიზნები.

ყოვლისმომცველობაზე და ამომწურავობაზე პრეტენზიის გარეშე, ქვემოთ, მკითხველს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიაზე ჩემ „განმარტებით ბარათს" ვაახლებ.

***

ადამიანის უფლებები საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხშირად მხოლოდ სამართლებრივ ვალდებულებებთან ან აბსტრაქტულ ზნეობრივ კატეგორიებთან ასოცირდება. ამასთან, ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეროვნული ერთობის ისეთ მყარ სოციალურ გაერთიანებად ჩამოყალიბება, როგორიცაა დასავლური ტიპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შეუძლებელია ადამიანის უფლებების პატივისცემის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრების გარეშე.

კეთილდღეობა როგორც სურვილი, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანების დიდი უმრავლესობის საზოგადოებრივ საქმიანობას, შეუძლებელია ფართოდ მიღწევადი იყოს უთანასწორო გარემოში. საზოგადოებრივი თანასწორობა, როგორც მიზანი, გულისხმობს ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას პიროვნული განვითარების და კეთილდღეობისაკენ სწრაფვის პროცესში, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან.

თანაბარი შესაძლებლობების შექმნა საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვის ორი ძირითადი მიმართულებით:

პირველი გულისხმობს ადამიანების თანასწორობას კანონის წინაშე – როდესაც საზოგადოების უმრავლესობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული კანონმდებლების მეშვეობით დგინდება დამკვიდრებული ქცევის წესების ყველასათვის თანაბრად დასაცავი სამართლებრივი ჩარჩო, რომლის დარღვევისათვის ყველას თანაბრად მოეთხოვება პასუხი. ამგვარი თანასწორობა მოცულია კანონის უზენაესობით და მის უზრუნველყოფას ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით.

მეორე მოიცავს სახელმწიფოს მიერ საჯარო სახსრებით შეთავაზებული თემატური სერვისებით (მაგ., ჯანდაცვა, განათლება) თანაბრად და ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას. თანაბრად სარგებლობა გულისხმობს მათზე ერთნაირ ხელმისაწვდომობას განსხვავებული მატერიალური პირობების მიუხედავად. ეფექტიანად სარგებლობაში კი იგულისხმება ამ სარგებლობით მიღებული შედეგის შესაბამისობა მასზე წინასწარ დამყარებულ რეალისტურ მოლოდინთან და შედეგიანობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანობას ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების მიმართულებით.

საერთაშორისოდ აღიარებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე დამყარებული კანონის უზენაესობა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა და ეფექტიანობა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ქმნიან საზოგადოებრივი თანასწორობისათვის აუცილებელ ორკომპონენტიან ერთობლიობას, რომელიც განუყოფელია სხვანაირად თითოეულის პრაქტიკული განუხორციელებლობიდან გამომდინარე და საფუძვლად უდევს დემოკრატიულ სახელმწიფოს. პირველი, ერთი მხრივ, ქმნის თითოეული ადამიანისათვის საზოგადოებაში მისი სრულფასოვანი არსებობისათვის საჭირო, კანონის ფორმით მიღებული ქცევის წესების ერთობლიობას, ხოლო მეორე მხრივ, აყალიბებს ამ ქცევის წესებზე მისი ლეგიტიმური ზეგავლენის პროცედურებს და მისი პიროვნული ხელშეუხებლობის გარანტიებს. მეორე, საშუალებას აძლევს საზოგადოების თითოეულ წევრს თანაბრად ისარგებლოს მისი პიროვნული განვითარების და საზოგადოებრივი არსებობისათვის იმ აუცილებელი საჯარო სერვისებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულია საზოგადოების წევრების ინდივიდუალური კეთილდღეობიდან საზოგადოებრივი კეთილდღეობის სასარგებლოდ გაღებული სახსრებით (როგორც წესი, გადახდილი გადასახადების ფორმით).

ამასთან, ერთსა და იმავე, ან სხვადასხვა დროს, თითოეული ადამიანი ერთი მხრივ სარგებლობს საჯარო სერვისებით პირად კეთილდღოებაზე ზრუნვის პროცესში, ხოლო მეორე მხრივ აბრუნებს მიღებული სარგებელის ნაწილს საზოგადოებრივი და სხვების პირადი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. აღნიშნული ორმხრივობა გამოხატავს ადამიანებში საზოგადოებრივი სოლიდარობის გრძნობის პრაგმატულ საწყისებს: ადამიანის, როგორც ინდივიდის, საზოგადოებასთან, როგორც ადამიანების ორგანიზებულ ერთობასთან კავშირის მომგებიანობას პირადი და საერთო-სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის მოსაპოვებლად.

პირადი კეთილდღეობის სამართლიანად მოპოვება, მონაპოვრის სტაბილურად შენარჩუნება და უფრო მეტისკენ სწრაფვა შეუძლებელია საამისო პირობების მომცემი, თავისუფალი გარემოს გარეშე. ამგვარი გარემოს არსებობისათვის აუცილებელი, უპირველესი წინაპირობაა საზოგადოებრივი თანასწორობა, ანუ ყველასათვის თანაბარი პირობების არსებობა კეთილდღებისაკენ სწრაფვის პროცესში. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანისათვის, უშუალოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის პარალელურად, იკვეთება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვის პრაგმატული ინტერესი. ადამიანის უფლებების ნებისმიერი შელახვა, უშუალოდ უფლებაშელახული პირისათვის ზიანის მიყენების გარდა, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ თანასწორობას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის პიროვნულ თავისუფლებაზე დამყარებულ საზოგადოებას. საზოგადოებრივი უთანასწორობა ერთი მხრივ შეუძლებელს ხდის კეთილდღეობის სამართლიანად მოპოვებას და მის შენარჩუნებას და მეორე მხრივ იწვევს თანასწორობისათვის და შესაბამისად, თავისუფალი საზოგადოებისათვის ბრძოლის აუცილებლობას.

თანამედროვე მსოფლიო იყოფა ერთი მხრივ ისეთ საზოგადოებებად, რომლის წევრების უმრავლესობას გათავისებული აქვს საზოგადოებრივი სოლიდარობის და თანასწორობის პრაგმატული მომგებიანობა საკუთარი და საერთო კეთილდღეობისათვის (მაგ., ევროკავშირის ქვეყნები) და მეორე მხრივ მართვის რეპრესიულ რეჟიმებად, რომელშიც პირთა შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ძალაუფლების გზით ცდილობს უსამართლოდ მოიპოვოს და ვიწრო წრეში შეინარჩუნოს საერთო-სახალხო კეთილდღეობა (მაგ., რუსეთის ფედერაცია). ძალაუფლებაზე დაფუძნებული მმართველობა არამდგრადი, შედარებით მოკლედროული და სასრულია. საკაცობრიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადამიანების მართვის ყველაზე უფრო რეპრესიული ფორმის მქონე რეჟიმებმაც კი ვერ შეძლეს ადამიანებში თავისუფლებისაკენ და თავისუფალი საზოგადოებისკენ სწრაფვის ბუნებრივი იმპულსის ჩახშობა. ძალაუფლებაზე დაფუძნებული მმართველობა აუცილებლად წარმოშობს დაპირისპირებას ძალაუფლების მქონე პირების წრესა და ძალაუფლების მოსურნე სხვა, ან თავისუფალი საზოგადოებისათვის მებრძოლ ჯგუფებს შორის, რაც, როგორც წესი, მნიშვნელოვან ზიანს იწვევს, როგორც დაპირისპირებული მხარეების, ისე მთელი მოსახლეობისათვის.

თანასწორობაზე დამყარებული თავისუფალი საზოგადოების მთავარი უპირატესობა ძალაუფლებაზე დამყარებულ მმართველობაზე იმაშია, რომ ის საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს კეთილდღეობისაკენ მიმავალი უმოკლესი, მდგრადი და უსაფრთხო გზით წარმართოს თავისი ნიჭის და კრეატიული პოტენციალის რეალიზაცია. ამ პოტენციალის და ნიჭის ძალაუფლების ან თავისუფლების მოპოვებაზე ხარჯვის ნაცვლად, საზოგადოებრივი თანასწორობა ყველასათვის თანაბრად ქმნის სასარგებლო საქმიანობით მდგრადი კეთილდღეობის მოპოვების უსწრაფეს შესაძლებლობას. მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც ადამიანების უმრავლესობამ ეს გაითავისა, სახელმწიფო, როგორც ადამიანების ორგანიზებული ერთობისათვის აუცილებელი ინსტიტუტების ერთობლიობა, ასრულებს არა ძალაუფლებას დაპატრონებული პირების ვიწრო ინტერესების რეალიზატორის ფუნქციას, არამედ ახორციელებს საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფეროების რეგულირებას, რომელიც მასზე დემოკრატიული პროცედურებითაა დელეგირებული საზოგადოების წევრების უმრავლესობის მიერ. ასეთ სახელმწიფოებში მმართველობა არა ძალაუფლებით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მარეგულირებელი კომპეტენციების დანაწილებით და მათი გამიჯვნით ხორციელდება.

სახელმწიფოს მარეგულირებელი საქმიანობის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა, საზოგადოებრივი თანასწორობის, საზოგადოების თავისუფლების და დემოკრატიულობის უმთავრესი ტესტია. სწორედ ასეთი საზოგადოებები ლიდერობენ დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის და საერთო-სახალხო კეთილდღეობის ნიშნით.

საქართველოს მოსახლეობის არჩევანი თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაზე და ეროვნული კეთილდღეობის მიზნით დასავლურ სამყაროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი თანასწორობისათვის ძალისხმევის მიმართვის მუდმივ აუცილებლობას. მთლიანობაში, ესაა ის კონტექსტი, რომელშიც ამ ძალისხმევის შედეგიანობისთვის საჭირო ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და სახელმწიფოს ცალკეული ინსტიტუტების მიერ ამ პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოში გვჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია.

დასასრულს, ამ „განმარტებით ბარათს" იმას დავუმატებ, რომ ხალხისათვის ყოველდღიური „პურის ფულის" პრობლემის სხვაგვარად გადაჭრის გზების შეთავაზება მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმის სფეროს შეიძლება განეკუთვნებოდეს. ეს გზა კი, რაოდენ ერთი შეხედვით რთულად არ უნდა ჩანდეს, ერთადერთია, რომელმაც წარმოშვა ის, რასაც მარტივად „განვითარებულ მსოფლიოს" ან „მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს" ვუწოდებთ და რაც ასე ძალიან გვიზიდავს იქ „პურის ფულის" პრობლემის ნაკლები სიმწვავის გამო.


თეიმურაზ ანთელავა

კატეგორია 1 - 2015-05-14
საინტერესოა    81
გაუმჯობესებადია    71
შესასწორებელია    81
სულ ხმები: 233