სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
23 იან `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 2

აირჩიე კატეგორია  


გენდერული თანასწორობა: ინდივიდი, საზოგადოება და ქვეყნის წინსვლა

კატეგორია 2 - 2015-05-15

საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ თითქმის არ შეცვლილა. თუ შეგინიშნავთ,  ჩვენს საზოგადოებაში „გენდერული თანასწორობა" და „ფემინიზმი" უკვე უარყოფით რეაქციებს და ემოციებს იწვევს. რატომ? რეალურად თუ ადამიანს სწორად ესმის მისი მნიშვნელობა და არსი და თუ აქვს ინფორმაცია იმაზე თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში ამ კუთხით, და რომ ქალები ძალიან კონკრეტულ პრობლემებს აწყდებიან  როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია სამუშაო სივრცეში და ა.შ. მართლა ძნელი დასაჯერებელია როგორ არ უნდა ემხრობოდეს თანასწორობას. საქმეც მაგაშია, რომ საზოგადოების უმრავლესობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული იმაზე თუ:

1. რა არის და რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა;
2. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში;
3. რა სარგებლობას მოიტანს საზოგადოებაში რომ იყოს გენდერული თანასწორობა.

ვეცდები თითოეულ ამ შეკითხვას გავცე პასუხი:

რა არის გენდერული თანასწორობა

ის არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი არიან ან უნდა გახდნენ, უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ ადამიანის დაბადება ქალად ან კაცად არ უნდა განაპირობებდეს მის უნარებს, თვისებებს, სოციალურ ქცევასა და სოციალურ ფუნქციებს.

და არა, სამწუხაროდ „მანდილოსნების" სადღეგრძელოს განსაკუთრებული მოწიწებით და ლევა არ განაპირებობეს ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის არსებობას...

გაეროს დეფინიციით გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და მამაკაცის, გოგონასა და ვაჟის თანაბარ უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს. 

თანაბარ უფლებებში იგულისხმება, რომ ქალს და კაცს კანონი თანასწორად უნდა აღიქვავდეს და ერთნაირ უფლებებს ანიჭებდეს მაგალითად ხმის მიცემის, პოლიტიკაში თანამონაწილეობის,  საკუთრების ქონის უფლება, და ა.შ.
 
თანაბარი პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ქალს და კაცს საჯარო და პირად სივრცეში ერთნაირი მოვალეობები უნდა გააჩნდეთ, მაგალითად ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა, ბავშვების აღზრდა, საოჯახო საქმეების გაკეთება ა.შ.
 
ხოლო შესაძლებლობები გულისხმობს, რომ ქალს და კაცს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა მაგალითად განათლების, დასაქმების ა.შ.
 
უმთავრესად კი თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა აღვიქვათ ცალკეულ ინდივიდათ და მისი კონკრეტული ცოდნით, უნარებით და შესაძლებლობებით შევაფასოთ და არა იმით თუ რა სასქესო ორგანოთი დაიბადა. 

რომ ავიღოთ ოჯახის მაგალით: გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს მაინც და მაინც იმას, რომ ყველა ქალი სამზარეულოდან ძალით გამოვიყვანოთ და პარლამენტში გავუშვათ. ის გულისხმობს, რომ თითოეული ოჯახი თვითონ უნდა წყვეტდეს როგორ გადაანაწილებს როლებს და პასუხისმგელობებს და ამ პროცესებში ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ მონაწილეობას, ანუ ოჯახი სადაც ქალია დიასახლისი და კაცი შემომტანი, ან კაცი დიასახლისი და ქალი შემომტანი, ან ორივე თანაბრად ინაწილებს ფინანსურ და საოჯახო პასუხისმგებლობებს საზოგადოების მხრიდან არ უნდა იყოს წნეხის ქვეშ.

ის გულისხმობს, რომ არ უნდა არსებობდეს „ქალის" პროფესიები მაგალითად ძიძა, მდივანი, ექთანი და „კაცის" პროფესიები მაგალითად მეხანძრე, პოლიციელი, პოლიტიკოსი ა.შ. და ადამიანი პროფესიას უნდა ირჩევდეს მხოლოდ საკუთარ ნიჭზე, უნარებზე და ინტერესებზე დაყრდნობით და არა სქესიდან გამომდინარე. 

ის გულისხმობს, რომ არ უნდა არსებობდეს ასეთი მკაფიო ორმაგი სტანდარტი სადაც კაცის მხრიდან სექსუალური თავისუფლება სტატუსია, ხოლო ქალის შემთხვევაში მსუფუქი ყოფაქცევის ნიშანია. 
ბევრი შეიძლება დამეთანხმოს, რომ ამაში ცუდი არაფერია და ასეც უნდა იყოს და შემეკამათოს, რომ რეალურად ეს არ წარმოადგენს პრობლემას ჩვენს  ქვეყანაში და საზოგადოებაში. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ არამცთუ თანასწორობა გარანტირებული აქვთ ქალებს და კაცებს კანონით, არამედ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ქალები უპირატესობითაც სარგებლობენ საქართველოში. 

ბოლოს და ბოლოს ქართლის დედა,  და არა მამაა ჩვენი სიმბოლო. 

რა მდგომარეობაა ამ კუთხით რეალურად საქართველოში

იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი, თუ რატომ წარმოადგენს ეს უთანასწორობა დღეს პრობლემას მსოფლიოში და კარძოდ საქართველოში უნდა გავეცნოთ ფაქტებს, სტატისტიკას, კვლევებს და დავინახოთ სხვადასხვა სფეროში რეალურად რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია იმის დანახვა თუ რამდენად დამოკიდებულია ყველა სფერო ერთმანეთზე და როგორ თუ კი უთანასწორობა არსებოს ერთ სფეროში, ის ავტომატურად უარყოფითად აისახება სხვა დანარჩენებზე. 

დავიწყოთ თავიდან, სანამ დაიბადება ადამიანი:  საქართველოში ყოველ 111 ბიჭზე 100 გოგო ჩნდება. 2013 წელს გაჩნდა 30,027 ბიჭი და მხოლოდ 27,851 გოგო.  ეს სხვაობა არის ძირითადად სელექციური აბორტების შედეგი, ანუ როდესაც აბორტი კეთდება ბავშვის სქესის გამო, რადგან სხვა შემთხვეაში ეს რიცხვი 50%-50% განაწილებასთან უფრო ახლოს უნდა იყოს. ამის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ხდება აბორტის გაკეთება გოგოს შემთხვევაში არის, რომ ბიჭის ყოლა უფრო ფასობს. რატომ? როდესაც ვცხოვრობთ პატრიარქალურ საზოგადოებაში (ოჯახური, იდეოლოგიური, პოლიტიკუირი სისტემა, რომელშიც კაცი არის თავი), სადაც გვარი და მემკვიდრეობა გადაეცემა ბიჭით, სადაც ბიჭს მეტი შესაძლებლობა აქვს წარმატებას მიაღწიოს კარიერაში, სადაც კაცი უფრო ფასობს, ასეთ შემთხვევაში წყვეტს ოჯახი რომ არ გააჩინოს გოგო მხოლოდ იმიტომ, რომ მისი „ფასი ნაკლებია".
 
მოდი ვნახოთ რა მდგომარეობაა იმ გოგოებისთვის, ვინც გადაურჩება სელექციურ აბორტს: საქართველოში ნაადრევი ქორინების საგანგაშო მდგომარეობაა.  საქართველოში ქალების დაახლოებით 18% ნაადრევად ქორწინდება (რომელიც გულისხმობს 18 წლამდე დაქორწინებას).  2013 წელს 16-19 ასაკის 935 ბიჭი და 4399 გოგო დაქორწინდა. ეს კი სხვა პრობლემებს ქმნის: სახალხო დამცველის თქმით 7000-ზე მეტმა გოგომ ნაადრევი ქორწინების გამო განათლების მიღება ვერ დაასრულა, ეს ისევ უკავშირდება იმ მენტალიტეტს, რომ ქალის მთავარი ფასი არის ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა და არა განათლება, კარიერა, საჯარო სივრცეში მონაწილეობა და ა.შ., რომელიც თავისთავად ამ გოგოების დასაქმებას და შემდგომ კარიერულ წარმატებას უდაოდ ხელს შეუშლის. მოსახლეობის 88% თვლის რომ ქალის ფუნქციაა შვილების აღზრდა და საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენელი. 

სამწუხაროდ ეს აზრი მხოლოდ ნაადრევად დაქორწინებულებს არ ეხებათ. ეს იმას გულისხმობს, რომ იმ ქალებიდან რომლებიც ნაადრევად არ ქორწინდებიან, იღებენ განათლებას და აქვთ კარიერა, გათხოვების შემდეგ ხშირად თმობენ თავიანთ პირად ამბიციებს და ოჯახი ხდება მათი მთავარი საქმე. ამერიკაში გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ნიჭიერი, ჭკვიანი, წარმატებული ქალების მიერ ბავშვების გაჩენის შემდეგ სამსახურის და კარიერის მიტოვების უმთავრესი მიზეზი (60%) იყო თავიანთი პარტნიორის მხრიდან ხელშეწყობის ნაკლებობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ამ მხრივ ბევრად უარესი მდგომარეობაა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უწყობს ხელს: ოჯახში ძალადობას.  იმის გარდა, რომ არის პირდაპირი კავშირი ნაადრევ ქორწინებასა და ოჯახში ძალადობას შორის, ზოგადად საქართველოში ამ მხრივ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. ის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და არასათანადოდ აღრიცხულ დანაშაულს წარმოადგენს. ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ იმ ქალთა რიცხვი, რომელიც ყოველ დღიურად არის ეკონომიკური, სექსუალური და მითუმეტეს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვეპლი ბევრად აღემატება ამას.

ამ პრობლემას ამძაფრებს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად რახან ოჯახი ქალისთვის პრიორიტეტია და უფრო დიდი ალბათობაა, რომ ქალმა განათლების მიღება შეწყვიტოს, ან სამსახურს თავი დაანებოს ოჯახის შექმნის შემდეგ, ძალადობის შემთხვევაში მისი წამოსვლის და დამოკუიდებლად არსებობის ალბათობა მცირდება. ეკონომიკურად აქტიური ქალების 16%, ხოლო კაცების 0% არის დიასახლისი.
 
2014 წელს ამ მხრივ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობას მივაღწიეთ, როცა წლის განმავლობში 26 ქალი მოკლა ქმარმა/ყოფილმა ქმარმა.  ამის გარდა ამ პრობლემას ხელს უწყობს არა მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა და გარეთ არ უნდა იქნას გამოტანილი (გამოკიტხულთა 78%ს აზრით), ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწხყოფა უნდა მოითმინოს. სხვა გამოკითხვების თანახმად საზოგადოების ნაწილი ამართლებს კიდევაც ზოგ შემთხვევაში ცოლის ცემას მაგალითად ღალატის, ბავშვების ცუდად მოვლის ან თუნდაც საჭმლის დაწვის შემთხვევაში. 

იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა 2012 წელს და საჯარო და სამოქალაქო სტრუქტურები მუშაობენ ამ პრობლემაზე, რეალურად ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ საგძნობლად დაიწევს ეს პრობლემა. 

საქართველოში ოჯახის მარჩენელთა 30% ქალია. დღეს ეკონომიკური კრიზისის ნიადაგზე ბევრ ქალს უწევს მუშაობა ოჯახის სარჩენად,  მაგრამ სამწუხაროდ ეს თანასწორობაზე არ მიუთითებს თუ გადავხედავთ იმ თანამდებობეს, რომლებიც ამ ქალებს უკავიათ და ასევე შევხედავთ ქალის და კაცის საშუალო ხელფასებს. 

2013 წლის მონაცემებით ქალის საშუალო ხელფასია 585 ლარი, ხოლო კაცის 920 ლარი, მეტიც, ეს სხვაობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ამხელა სხვაობა  დიდწილად არის სამუშაო ბაზარზე სამუშაოს სეგრეგაციასთან დაკავშრებული სადაც ქალებს უფრო დაბალანაზღაურებადი, ნაკლებად პრესტიჟული თანამდებობები უკავიათ, მაგრამ თუნდაც იგივე თანამდებობების შედარების დროს ყველა სფეროში კაცს უფრო მაღალი ხელფასი აქვს. მაგალითად საფინანსო საქმიანობაში ქალის საშუალო ხელფასია 1170 ხოლო კაცის 2003 ლარს შეადგენს.

ზოგადად საზოგადოება ქალის დასაქმების წინააღმდეგი არ არის, თუკი მას სამსახურის გამო ოჯახისთვის ნაკლები დროის დათმობა არ უწევს. ამის გარდა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იმ ოჯახებში სადაც ქალიც მუშაობს ან თუნდაც შემომტანია, სამწუხაროდ საოჯახო საქმეების  გაკეთება და ბავშვების აღზრდა ისევ მათ მოვალეობად რჩება. ქალის ეს სამმაგი დატვირთვა (სამსახური, საოჯახო საქმეები, ბავშვები) კიდევ უფრო ამძაფრებს ამ უთანასწორობას.
ამას ემატება ის მოსაზრებები, რომ კაცისთვის კარიერა და მაღალი ანაზღაურება უფრო მნიშვნევლოვანია და რომ ზოგადად კაცი უკეთესი ლიდერია (რაც აისახება ოჯახში ბიჭის და გოგოს აღზრდაზე და მათში ინვესტირებაზე). აქედან გამომდინარე შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ქალების აქტიურ მონაწილებას საჯარო სივრცეში და ამბიციური კარიერის  ქონას ძალიან ბევრი და დიდი დაბრკოლებები უდგას წინ. 

ამ მოსაზრებებს, სამწუხაროდ არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალების დიდი ნაწილიც იზიარებენ. მაგრამ ნუთუ ეს გასაკვირია როდესაც დაბადებიდან ამ სტერეოტიპებით ვზრდით ბავშვებს და თავიდანვე ხდება ამ მენტალიტეტის და შეხედულებების მათში ჩანერგვა? ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ქალების პოლიტიკაში ჩართულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. იმის მიუხედავად, რომ უმაღლეს სასწავლებელში მეტი ქალი სწავლობს (56.5% სახელმწიფო, 54.3% კერძო დაწესებულებებში) ეს სამწუხაროდ არ აისახება ქალების საჯარო სივრცეში თანაბარ და აქტიურ მონაწილებაში.
 
ქალების რაოდენობა მთავრობაში 12%-ს არ აღემატება და ეს თავისთავად ისევ მოქმედებს იმაზე, რომ ქალების პრობლემები პრიორიტეტად არ აღიქმება საზოგადოებაში.

რა სარგებლობას მოგვიტანს გენდერული თანასწორობა

2014 წლის  Gender Gap Index-ის მიხედვით საქართველო 142 ქვეყნიდან 85 ადგილზეა. ისიც გასაგებია, რომ გენდერული თანასწრობისკენ სწრაფვა აუცილებელია ადამიანების უფლებების და დემოკრატიის პრინციპების გასამყარებლად, რადგან თანასწორობა, თანაბარი უფლებების, პასუხისმგებლობის და შესაძლებლობების არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, მაგრამ მოდი ამ საკითხს სხვანაირადაც შევხედოთ: რა სარგებლობა მოაქვს გენდერულ თანასწორობას?

გენდერული თანასწორობა მხოლოდ სწორი, სამართლიანი არჩევანი არ არის, ის ასევე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. რას ვგულიხმობთ ამით? პირველ რიგში იმას, რომ მრავალფეროვნება და თანასწორობა ყველა სფეროში უფრო წარმატებას მოგვიტანს იქნება  ეს ოჯახში, ბიზნესში თუ საჯარო სივრცეში და საბედნიეროდ ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე არ არის ნათქვამი. არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სადაც არის გენდერული თანასწორობა და ბალანსი იქ არის მეტი წარმატება ეკონომიკურიც და სოციალურიც. ქალები წარმოადგენენ მსოფლიოს პოტენციალის 50%-ს და ამ ცოდნის, ნიჭის, მუშა-ხელის, განსხვავებული აზრების სათანადოდ გამოყენებით ყველა სფეროში მეტ წარმატებას მივაღწევთ.
 
ოჯახში

კვლევის შედეგად დადგენილია, რომ იმ ოჯახებში სადაც პარტნიერობი თანაბრად ინაწილებენ საოჯახო საქმეებს, ბავშვის აღზრდას და სადაც ორივეს გააჩნია კარიერა, უფრო ბედნიერები არიან და ასევე უფრო კარგ გარემოს ქმნიან ბავშვის აღსაზრდელად.  და შესაბამისად ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს (გოგო თუ ბიჭი) უფრო ჯანსაღი და სწორი შეხედულება ექნება გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში, რადგან ყველაზე ძალიან ბავშვი რასაც უყურებს იმას აღიქვავს მისაღებად და ნორმალურად.
ასევე კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია დედის განათლების დონესთან.

საჯარო სივრცეში

გენდერული თანასწორობა პირდაპირ კავშირშია არა მარტო ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, არამედ ასევე ბავშვების და კაცების. ის პირდაპირ არის დაკავშირებული საზოგადოების განვითარებასთან და ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან. იმ ქვეყნებში სადაც ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში ახლოს არის ან უტოლდება კაცებისას უფრო კარგად არის განვითარებული ყველა სოციალური სფერო. 

ბიზნესში

Fortune 500 კომპანიებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის კომპანიები რომლებსაც მეტი ქალი ჰყავთ ბორდის წარმომადგენლობაში უფრო წარმატებულები არიან, ზოგადად მეტი ქალი აუმჯობესებს კორპორატიულ მმართველობას, ასევე იკლებს იმის ალბათობა, რომ კომპანია გახდება ფინანსური სკანდალების მსხვერპლი.

იმ აზრთა სხვადასხვაობას რაც ქმნიან ქალები რეალურად ბევრ რამეში ადგება კომპანიას, მარტივად რომ ვთქვათ მრავალფეროვნება უდრის მეტ წარმატებას კომპანიისათვის. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ის გუნდრები სადაც არსებობს გენდერული ბალანსი, უფრო წარმატებულია. 

დასკვნა? 

ის, რომ გენდერული უთანასწორობა ნამდვილად რეალობაა საქართველოში, ის რომ გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს კაცების ჩაგვრას და ქალების კაცებზე უპირატესობას, ან იმას, რომ ქალმა უარი უნდა თქვას დიასახლისობაზე, ბავშვების გაჩენაზე ან მოვლაზე ის არ გულისხმობს კაცების და ქალების იდენტურობას, არამედ იმას, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს თავისი ცხოვრების ბედი საზოგადოების მხრიდან დაღის დასმის შიშის გარეშე... და, რაც მთავარია, უნდა გავითავისოთ ის, რომ გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში წინსვლის და წარმატების გარანტიაა.

კატეგორია 2 - 2015-05-15
საინტერესოა    129
გაუმჯობესებადია    59
შესასწორებელია    84
სულ ხმები: 272