სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 4

აირჩიე კატეგორია  


კონფლიქტი აფხაზეთში: ისტორია და თანამედროვეობა

კატეგორია 4 - 2015-05-15
 
შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში (საქართველო) 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზი სეპარატისტების მიერ სოხუმის, ხოლო 28-30 სექტემბერს ოჩამჩირის და გალის რაიონების დაკავებით ძირითადი საბრძოლო მოქმედებები დასრულდა.

სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური შედეგი გამოიხატა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლის დაკარგვით და  საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის დე ფაქტო გასვლით.

ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის ასევე უმძიმესი გამოდგა კონფლიქტის  ჰუმანიტარული შედეგები. ომამდე, 1992 წლის აღრიცხვის მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 535 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1997 წლისათვის მხოლოდ 145 989 მაცხოვრებელი დარჩა, რაც მოსახლების თითქმის 73%-იან კლებაზე მიუთითებს. კონფლიქტის შედეგად ეთნიკური ქართველების ხვედრითი წილი აფხაზეთში 245 872 კაციდან (1992 წელი) 43 442 კაცამდე (1997 წელი) შემცირდა (82%-იანი კლება). ეს ფაქტი საფუძვლად დაედო ქართული მხარის მიერ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარების მოთხოვნას, რაც გაზიარებულ იქნა ეუთოს სამიტებზე ბუდაპეშტში (1994 წლის 6 დეკემბერი),  ლისაბონსა (1996 წლის 3 დეკემბერი) და სტამბოლში (1999 წლის 17-18 ნოემბერი). გარდა ქართველებისა, საბრძოლო მოქმედებების დროს აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმაც - რუსებმა, უკრაინელებმა, ესტონელებმა, სომხებმა და აფხაზებმა. 

აფხაზური სეპარატიზმის ისტორიიდან შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმი სათავეს მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში იღებს. 1917წლის თებერვალში რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობამ და რუსეთის იმპერიისაგან საქართველოს ჩამოცილებამ აფხაზების ერთ ნაწილში სეპარტისტული განწყობები გააჩინა. 1917 წლის 7-8 ნოემბერს სოხუმის ოლქში ჩატარდა „აფხაზი ხალხის ყრილობა", რომელმაც აფხაზთა სახალხო საბჭო აირჩია და კავკასიის მთიელთა კავშირში აფხაზეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადა. მთიელთა კავშირმა და აფხაზეთის სახალხო საბჭომ ერთმანეთში წარმომადგენლებიც კი გაცვალეს. აფხაზებში სეპარატისტული განწყობების ზრდას თავის მხრივ ხელი შეუწყვეს ბოლშევიკებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებაში ოქტომბრის გადატრიალების გზით მოვიდნენ და საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ აფხაზეთში სეპარატიზმის მხარდაჭერით უპასუხეს.

1918 წლიდან ბოლშევიკების წაქეზებით აფხაზეთში გააქტიურდა პროპაგანდა აფხაზეთის „ბურჟუაზიული საქართველოსგან"  ჩამოცილების მოწოდებით. პარალელურად ჩამოყალიბდა შეიარაღებული „სახალხო-რევოლუციური" რაზმები,  რომლებიც 1918 წლის ზამთარსა და ზაფხულში, რუსეთიდან შემოჭრილი ბოლშევიკების მხარდაჭერით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას შეიარაღებული გზით დაუპირისპირდნენ. ბოლშევიკური რუსეთის ეს ინტერვენცია მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც აფხაზებმა საქართველოსგან გამოყოფა ამჯერად უკვე თეთრგვარდიელ გენერლებზე დაყრდნობით სცადეს, თუმცა არც ამ მცდელობამ გამოიღო შედეგი და 1919 წლის 20 მარტის აფხაზეთის სახალხო საბჭოს „აქტით" აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შევიდა. 

1921 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით, აფხაზეთი დროებით საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისათვის მინიჭებული ეს სტატუსი რეალურად ცხოვრებაში არ განხორციელებულა. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში მიღებულ დოკუმენტებში აფხაზეთი ან ავტონომიურ (სსრ კავშირის 1924 წლის პირველი კონსტიტუცია) ან საქართველოში „განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების" საფუძველზე შემავალ პოლიტიკურ ერთეულად მოიხსენიებოდა (საქართველოს 1922 წლის კონსტიტუცია და აფხაზეთის 1926 წლის კონსტიტუცია).

აფხაზების საქართველოსგან ჩამოცილების მცდელობას შემდეგ წლებშიც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. 1957, 1964, 1967 და 1978 წლებში სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზებმა მოსკოვში არაერთი მიმართვა გაგზავნეს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყვანის და რუსეთის ფედერაციაში ჩართვის მოთხოვნით. ამ მცდელობებიდან თავისი ხასიათით და სიმწვავით გამოირჩეოდა 1978 წლის 22 მაისს სოხუმის ცენტრში გამართული ხალხმრავალი აქცია. აქციის მონაწილეები  საბჭოთა კავშირის ახალ კონსტიტუციას აპროტესტებდნენ (ე.წ. ბრეჟნევის კონსტიტუცია, მიღებული1977 წლის 7 ოქტომბერს), რომელიც მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას არ ანიჭებდა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის და სხვა საბჭოთა რესპუბლიკის (იგულისხმებოდა რუსეთის ფედერაცია) შემადგენლობაში შესვლის უფლებას.

კონფლიქტის ესკალაცია 90-იან წლებში 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებს წინ უძღოდა კონფლიქტის ესკალაცია, რაშიც კატალიზატორის როლი  90-იან წლებში საბჭოთა კავშირში განვითარებულმა მოვლენებმა ითამაშა. კერძოდ, საბჭოთა კავშირის დასუსტებამ და შემდგომში დაშლამ საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ხოლო აფხაზებში, საქართველოსგან ჩამოცილების მცდელობები განაახლა. ამ ნიადაგზე დაპირისპირების ზრდას თავის მხრივ ხელს უწყობდა მოსკოვი, რომელიც საქართველოში სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირების გზით დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

XX საუკუნის 90-იან წლებში აფხაზური სეპარატიზმის ათვლის წერტილად მიჩნეულია ე.წ. „ლიხნის მიმართვა". იგი 1989 წლის 18 მარტს, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, აფხაზთა სახალხო ფორუმზე, ორგანიზაცია „აიდგილარას"  ინიციატივით მიიღეს. ყრილობას ესწრებოდა რამდენიმე ათასი აფხაზი, მათ შორის იმდროინდელი აფხაზური პარტიული ელიტა. მიმართვაში, რომელიც მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე გაიგზავნა ღიად იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან გამოყოფის და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღდგენის მოთხოვნა, რომელიც მიმართვის ავტორების მტკიცებით, 1921-1931 წლებში არსებობდა.

„ლიხნის მიმართვამ" აფხაზებსა და ქართველებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე განხეთქილება დააჩქარა. 1989 წლის 15 ივლისს ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფი თავს დაესხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალს, რასაც მსხვერპლი მოყვა. შემდგომში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კონფლიქტის პოლარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა: 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, სადაც მემარჯვენე ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გაიმარჯვა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" გამოსცა, ხოლო იმავე წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. 
პარალელურად 1990 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოიუზის" ლიდერი ვლადისლავ არძინბა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ანტიქართული განწყობებით. 1991 წლის 1-ელ ნოემბერს სოხუმში „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობა" ჩატარდა და „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი" გაერთიანება, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია" შეიქმნა, რომლის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა. 1992 წლის 23 ივლისს კი აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მოქმედი კონსტიტუცია გააუქმა და 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა, რომელიც სეპარატისტების მტკიცებით, აფხაზეთს საქართველოდან გამოყოფის უფლებას ანიჭებდა.  

აღნიშნული პოლარიზაციის ფონზე შეიარაღებული დაპირისპირებისათვის საბაბის პოვნა სირთულეს აღარ წარმოადგენდა. ომის მიზეზად იქცა 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  შინაგანი ჯარის ნაწილების შეყვანა და ამ ნაწილებზე სეპარატისტების მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა, რასაც საბოლოოდ აფხაზეთში ომის დაწყება მოყვა.

შეიარაღებულ დაპირისპირებაში სეპარატისტების მხარეს აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები და ე.წ. ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები. მათ მიერ სეპარატისტებისათვის გაწეული სამხედრო დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების კუთხით. 1993 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც რუსეთი კონფლიქტის მხარედ აღიარა და იგი აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. მიმართვაში, რომელიც გაეროს გაეგზავნა რუსეთის ქმედებები შეფასებული იყო როგორც აგრესია, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავდა მიზნად. ამის მიუხედავად, მოსკოვმა მაინც მიაღწია იმას, რომ იგი აღიარებულ იქნა კონფლიქტში შუამავლად.  

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, რომლის ძალით, რუსეთის შეაიარაღებულ ძალებს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის განხორციელება დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიუკერძოებლობა თავიდანვე კითხვებს აჩენდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ კონფლიქტში რუსეთი შუამავლად ეღიარებინა და ამით თავიდან აეცილებინა ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია.  შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმაც არაერთგზის ცხადყო, რომ საქართველოში რუსი სამშვიდობოების ჩაყენება მხოლოდ მოსკოვის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურებოდა და იგი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ორიენტირებული არ ყოფილა . 

 

კატეგორია 4 - 2015-05-15
საინტერესოა    157
გაუმჯობესებადია    80
შესასწორებელია    108
სულ ხმები: 345