სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 3

აირჩიე კატეგორია  


რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონება

კატეგორია 3 - 2015-04-15

 

საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხუთი რელიგიური გაერთიანება: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და იუდაური თემი 20 წელზე მეტია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობებისა და სხვა ქონების დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს.


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ თვისობრივ კვლევაში რელიგიური უმცირესობები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.


მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სარგებლობის უფლებით გადაეცასაბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქრისტიანული საკულტო ნაგებობები. სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის #183 დადგენილებით კი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, საქართველოში არსებული ყველა რელიგიური გაერთიანება გაუქმებულად გამოცხადდა.


საპატრიარქოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტაძრებს შორის, მართლმადიდებლურთან ერთად ის საკულტო ნაგებობებიც აღმოჩნდა, რომლებიც ისტორიულად სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ეკუთვნოდა. ამასთანავე, დაუბრუნებელი დარჩა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ის რელიგიური ნაგებობებიც, რომლებიც საპატრიარქოს ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა, სახელმწიფო ან კერძო მფლობელობაში ირიცხებოდა და სხვადასხვაგვარად ფუნქციონირებდა (თეატრი, სპორტული დარბაზი, საცეკვაო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ..)


2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული", საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა.[1]მაგრამ ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს არც ერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან მიმართებით არ გადაუდგამს; სახელმწიფოს არ მიუღია კანონი რესტიტუციის შესახებ. მართალია, სადავო საკულტო ნაგებობების წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენის მიზნით, ფორმალურად, სამთავრობო ან ინტერრელიგიური კომისიები რამდენჯერმე შეიქმნა, მაგრამ მათ რეალურად არასდროს უმუშავია.


კვლევაზე დაფუძნებით, აღნიშნულ პრობლემას კონკრეტულ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით მიმოვიხილავ:


სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ეპარქია


საქართველოს სახელმწიფო არქივის მონაცემებით, მე-20 საუკუნის დამდეგს მხოლოდ თბილისში სომეხთა ეპარქიის 26 ტაძარი მოქმედებდა. მათი ნაწილი გასული საუკუნის მიწურულს საქართველოს საპატრიარქომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიითვისა.


ამჟამად სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან ექვსი ტაძრის დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც უფუნქციოა და მათსადავო ტაძრებს" უწოდებენ, რადგან მათზე საკუთრების პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამ ტაძრებიდან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი - ახალციხის მუნიციპალიტეტში[2] (თბილისში:„სურბ მინას", მისამართი: გელათის . №13; „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ", მისამართი: ფერისცვალების . №21; „მუღნეცოც სურბ გევორგ", მისამართი: ბეგლარ ახოსპირელის . №6; „სურბ ნშან", მისამართი: აკოფ აკოფიანის . №6; „ნორაშენ", მისამართი: კონსტანტინე ლესელიძის . №41;, „ახალციხის სურბ ნშან" - ახალციხე).


ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, რესტიტუციის საკითხში მთავარ წინააღმდეგობას საქართველოს საპატრიარქო ქმნის, ხელისუფლებას კი ამ მიმართულებით არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.


დღესდღეობით, სომხური წარმომავლობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. მაგალითად, 2009 წლის 19 ნოემბერს ჩამოინგრა მე-14 საუკუნის ეკლესიამუღნეცოც სურბ გევორგ".[3] საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1980 წლამდე, ეკლესიაში სახალხო ხელოვნების მუზეუმი იყო განთავსებული. შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს, ეკლესია კი ავარიულ მდგომარეობაში დარჩა.


ამჟამად, თითქმის მთლიანად დანგრეულია ეკლესია ,,შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ", რომელიც ავლაბრის ცენტრში მდებარეობს. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეთა ნაწილები. ეკლესია 1989 წლის 14 აპრილს დაინგრა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეკლესიის ნგრევის მიზეზი ოთხბალიანი მიწისძვრა იყო.


როგორც აღინიშნა, სახელმწიფოს მიერ ევროპის საბჭოში გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, 2011 წელს მომზადდა თბილისის ეკლესიების - ,,მოღნეცოც სურბ გევორგ", ,,სურბ ნშანის" და ,,ნორაშენის" რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაცია." მიუხედავად ამისა, 2012 წლის 6 იანვარსსურბ ნშანში", შიდა სივრცეში წლობით დაგროვებული ნაგვის მიზეზით, ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთ-ერთი ჩამოიქცა.[4]საბჭოთა პერიოდში ტაძარი ჯერ მაკარონების საწყობად, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად გამოიყენებოდა. ამ შემთხვევამდე ტაძარს ხანძარი 2002 წელსაც გაუჩნდა, რის შემდეგაც ,,სურბ ნშანის" იატაკი ერთ მეტრამდე ნაგვით იყო მოფენილი; ტაძარს უსახლკაროები და უპატრონო ძაღლები აფარებდნენ თავს.[5]განმეორებითი ხანძრისა და სამრეკლოს ჩამონგრევის შემდეგ თბილისის მერიამ ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.


რეაბილიტაციას საჭიროებს ტაძარი ,,ნორაშენი", მაგრამ, ამ ეტაპისთვის სარესტავრაციო სამუშაოები არ დაწყებულა, ეკლესიიდან მხოლოდ წიგნები გაიტანეს და შიდა ინტერიერი დაასუფთავეს. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში მასში მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. 1995 წლის 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად" აკურთხეს და მართლმადიდებლური წესით წირვა ჩაატარეს. სომხური მხარის პროტესტის შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეკლესიაში ღვთისმსახურება აღარ ჩაუტარებიათ, თუმცა, ტაძარი სომხური ეკლესიის ეპარქიას სახელმწიფომ არ დაუბრუნა.


2008 წელს მართლმადიდებელმასასულიერო პირმა, ტარიელ სიკინჭილაშვილმა, ,,ნორაშენის" ტაძრის ეზოში დასაფლავებული სომეხი მეცენატების საფლავის ქვები გადაადგილა. ამ ფაქტს შეესწრნენ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები, რომლებმაც გააპროტესტეს აღნიშნული ქმედება. ამის შემდეგ სასაფლაო ქვა დააბრუნეს თავდაპირველ ადგილას.[6] სომხური ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, ვანდალური ქმედების მიზანი სომხურენოვანი წარწერების წაშლა და ამ გზით ტაძრის ქართული წარმომავლობის დასაბუთება იყო. საქართველოს სხვადასხვა ადგილიდანსასაფლაოს ქვები მოიტანეს ქართულენოვანი წარწერებით. ტაძრის შიგნით კი დაანგრიეს სომხური საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი საკურთხეველი.[7]


ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია


კათოლიკე ეკლესია ვერ იბრუნებს ხუთ ტაძარს, რომლებიც გასაბჭოებამდე მის საკუთრებას წარმოადგენდა, ესენია: ქუთაისის, გორის, ბათუმის, ივლიტასა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და უდეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ეკლესიები. მათი დღევანდელი მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქოა.


ხუთიდან მხოლოდ ერთ, ივლიტას ტაძარში კათოლიკე მრევლს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში ლოცვის უფლება მისცეს.


ტაძრების დაბრუნებისთვის ბრძოლა კათოლიკე ეკლესიამ 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ეკლესიების სარგებლობის უფლებით გადაცემის თხოვნით მათ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართეს.


2001 წლის აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოსა და ვატიკანის წარმომადგენლების შეხვედრაზე საპატრიარქომ მეორე მხარეს შესთავაზა, რომ სადავოდ მიჩნეული ტაძრების განხილვა გადადებულიყო ან საერთოდ დღის წესრიგიდან მოეხსნათ, რასაც ვატიკანის წარმომადგენლობა არ დაეთანხმა; საპატრიარქომ არგუმენტად რელიგიის სფეროში სამართლებრივი რეგულაციების არარსებობა დაასახელა.[8]


2001 წელს კათოლიკე ეკლესიამ სასამართლოს გზით სცადა ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის დაბრუნება. თუმცა, კათოლიკეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. როგორც თბილისის საოლქო, ასევე უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ეკლესია, რომელიც 1939 წლამდე კათოლიკეთა რელიგიური ღვთისმსახურების ადგილს წარმოადგენდა, დავის მომენტშიმათლმადიდებლური ეკლესია" იყო. საპატრიარქომღვთისმშობლის ხარების ეკლესია" საჯარო რეესტრში თავის სახელზე 2003 წლის 6 მარტს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (2004 წლის 27 აპრილი) ერთი წლით ადრე დაარეგისტრირა. ქუთაისის საქმის შემდეგ კათოლიკე ეკლესიას სხვა ტაძრების დაბრუნება სასამართლოს გზით აღარ უცდია.[9]


სადავო ტაძრების კუთვნილების დადგენისა და სამართლებრივი რეგულაციების შემუშავების მიზნით, წლების განმავლობაში, ფორმალურად, რამდენიმე კომისია შეიქმნა, რომელთაგან არც ერთს არ უმუშავია. 2004 წელს შეიქმნა მართლმადიდებლურ-კათოლიკური კომისია, რომელიც სულ ორჯერ შეიკრიბა და საბოლოოდ ფუნქციონირება შეწყვიტა.[10] საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის #63 დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით უნდა ჩამოყალიბებულიყოსაქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია"; ამ კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის ფუნქცია სწორედ საკულტო ნაგებობების წარმომავლობის დადგენა უნდა ყოფილიყო. აღნიშნული კომისია დღემდე არ შექმნილა.[11]


2012 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, სადავო ქონების შემსწავლელი კიდევ ერთი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, ერთი წლის თავზე, 2013 წლის მაისში, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემის მოგვარება დროს მოითხოვდა. 2014 წელს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისთვის (TDI) სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ოფიციალური პასუხის მიხედვით, აღნიშნული კომისია სამინისტროში არ არსებობს.[12]


2013 წლის 11 ნოემბერს მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, რომ ხუთი .. „სადავო" ეკლესია კათოლიკურია[13] და ისინი ისტორიულ მემკვიდრეებს უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ რეალური ნაბიჯები არც ამ განცხადებას მოჰყოლია. კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს აღნიშნული საკითხის განსახილველად მთავრობის მხრიდან არავინ დაკავშირებია.


ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ზოგიერთი საკულტო ნაგებობის სარგებლობის უფლებით გამოყენებაზეც თანახმა არიან, თუკი მართლმადიდებლებთან ერთად ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას მათაც მისცემენ. რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც კათოლიკე მრევლი შედარებით მცირე რაოდენობითაა (მაგ. ბათუმი), კათოლიკეები სახელმწიფოსგან მხოლოდ ტაძრების ისტორიულ მემკვიდრეებად აღიარებას ითხოვენ.


წლების განმავლობაში შეიცვალა კათოლიკური ტაძრების შიდა და გარე იერსახე. კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირების ქმედება ტაძრებზე კათოლიკური წარმომავლობის დამადასტურებელი ნიშნების წაშლას ემსახურება.


ევანგელურ - ლუთერული ეკლესია


ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, ოცი წელია, ითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ეკლესიის ეპისკოპოსის, ჰანს იოახიმ კიდერლენის თქმით, მათ 2010 წელს ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და წარუდგინეს ჩამორთმეული ქონების ნუსხა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდნენ, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ამის შემდეგ ეკლესიამ მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთსა და დაბა ბოლნისში არსებული ლუთერული ტაძრების დაბრუნების თაობაზე. წერილზე ეკლესიას კონკრეტული პასუხი არ მიუღია.


სოფელ ასურეთში (ელიზაბეტტალი), სადაც გერმანელი კოლონისტები 1818 წლიდან დასახლდნენ, დღემდე შემორჩენილია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მათ მიერ აშენებული ეკლესია. 1941 წელს აქ მცხოვრები გერმანელების უმრავლესობა სტალინის ბრძანებით შუა აზიაში გადაასახლეს და სოფელი დაიცალა. გერმანელების მცირე ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნდა. ასურეთის ეკლესია დღეს ნახევრად დანგრეულია, თუმცა მოქმედებს სამლოცველო, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლი იყენებს. რაც შეეხება ბოლნისის ეკლესიას, მასში სპორტული დარბაზია განთავსებული. ორივე ნაგებობა ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.


2014 წლის 27 იანვარს მთავრობის მიერ ოთხი კონფესიისთვის საბჭოთა დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისთვის ზარალის კომპენსაციას არ ითვალისწინებს, ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ ოფიციალური წერილში მთავრობას ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თხოვნით მიმართა. პასუხი არც აღნიშნულ წერილზე მიუღიათ.


მუსლიმური თემი


დღესდღეობით, მუსლიმური თემი ქვემო ქართლში, ადიგენის რაიონსა და აჭარაში განლაგებული ისტორიული, უფუნქციო მეჩეთების გადაცემას ან უკიდურეს შემთხვევაში, დასუფთავებასა და აღდგენას ითხოვს. ამ მეჩეთების უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, ნაწილი კი საერთოდ არ არის რეგისტრირებული.


2014 წლის ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში სადავო შენობის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტი რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის აუცილებლობაზე მიუთითებს. ადგილობრივი მუსლიმი თემის მიერ საკულტო ნაგებობის შენარჩუნების მცდელობას საბოლოოდ, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა და უდანაშაულო მუსლიმების დაკავება მოჰყვა.


სოფელ მოხეში მდებარე შენობას 1957 წლიდან კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს იგი დიდი ხნის განმავლობაში საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან კი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. 2014 წლის 27 მაისს მუსლიმმა მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. საკითხის განხილვა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გამო გადაიდო.არჩევნების შემდეგ კი, მუსლიმებს განუცხადეს, რომ შენობაში მუსიკალური, ქორეოგრაფიული ცენტრი ან ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.


სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადება მედიაში 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით, XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, მუსლიმთა თქმით, ქრისტიან მოსახლეობას მანამდე არასდროს განუცხადებია, რომ სადავო შენობა ეკლესია იყო და ეს მოთხოვნა საჯაროდ, მხოლოდ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ წამოაყენეს.


შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 12 წევრისგან წარმოდგენილი კომისია შექმნა. კომისიის ორი სხდომა უკვე გაიმართა, თუმცა სააგენტო რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუსლიმური თემის სხვა დაინტერესებულ წევრებს დასწრების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, პროცესი დახურული და არაგამჭვირვალეა.


ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა სოფელ მოხეში 1975-80 წლებში დასახლდა. შენობა, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, მათი კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, რადგან წინაპრების მიერ მეჩეთის აშენების ისტორიას დღემდე იხსენებენ. მუსლიმების თქმით, მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან საუბარში სოფლის უხუცესი, 74 წლის ეზიზ ბერიძე მამის მონაყოლიდან იხსენებს, რომ ოჯახი ყოველ კვირას პარასკევის ლოცვაზე მოხეს მეჩეთში სოფელ კიკიბოდან დადიოდა, რადგან იგი მეზობლად არსებული ერთადერთი მეჩეთი იყო. უხუცესის თქმით, მის დიდ ბაბუას მეჩეთის აშენებისთვის ფულის შესაწირად ძროხაც კი გაუყიდია. მუსლიმების თქმით, 40-იანი წლების დასაწყისში სტალინის მიერ მესხების მასობრივ გადასახლებამდე სოფელში მეჩეთი ფუნქციონირებდა.


დღესდღეობით, ნანგრევებში შემორჩენილია მიჰრაბი – სალოცავი ნიშა მუსლიმურ საკულტო ნაგებობეში, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბასკენ (ქიბლა), საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს. იგი წარმოადგენს ორი ან მეტი სვეტით კედლისგან გამოყოფილ ნახევარწრიული აფსიდის ფორმის ჭრილს. შენობას აქვს მინარეთში ასასვლელი კიბის კვალიც.


სოფელ მოხეს მეჩეთის გარდა, ადიგენის რაიონში კიდევ რამდენიმე უმოქმედო სამლოცველოა, რომლებიც განადგურების პირასაა. 2009 წელს სოფელ ფლატეში მეჩეთს ადგილობრივმა მოსახლეებმა ქვაკუთხედები მოანგრიეს. ეს ქვები ზარზმის მონასტრის მღვდლებმა ტაძრის მახლობლად სენაკების ასაგებად გამოიყენეს. მოსახლეობამ მეჩეთის დაშლა სწორედ სასულიერო პირების ინიციატივით დაიწყო იმ მოტივით, რომ საკულტო ნაგებობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლს არ წარმოადგენდა.[14] ზარზმის მონასტერში ფლატედან წაღებული ქვები სახალხო დამცველის აპარატიდან ჩასულმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ნიშანდობლივია, რომ ამ ვანდალური ქმედებისთვის პასუხი არავის უგია.


მძიმე მდგომარეობაშია სამცხე-ჯავახეთში მდებარე მუსლიმური სალოცავები. აბასთუმანში მე-19 საუკუნის მეჩეთის ნანგრევები მიტოვებულია. მახლობლად რეპატრირებულ მესხთა 12-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივმა ქრისტიანებმა აქ მეჩეთს კარი ჩამოხსნეს და ბოსლად იყენებენ.[15]


იუდაური თემი


საბჭოთა დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების საკუთრების უფლებით დაბრუნების საკითხი აქტუალურია საქართველოს იუდაური თემისთვისაც. მათი მონაცემებით, მოქმედი სინაგოგები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, ონში, გორში, ბათუმსა და ცაგერში.[16]ხსენებული სინაგოგები თემს გრძელვადიანი იჯარით სარგებლობის უფლებით გადაეცა.


თბილისში ათონელის ქუჩა #10 შენობა, სადაც 1930 წლამდე სინაგოგა მდებარეობდა, დღეს კი სამეფო უბნის თეატრი მოქმედებს, ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ, 2001წელს, ებრაელთა რელიგიურ საზოგადოებას ნაწილობრივი თანასაკუთრების უფლებით გადაეცა.[17]

იუდაური თემის წარმომადგენლების თქმით, გადაუდებელ სარესტავრაციო სამუშაოებს საჭიროებს ონის, ქუთაისისა და ახალციხეში რაბათის ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგოგები.


. ახალციხეში მდებარეობს ორისინაგოგა, რომლებსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.[18] ერთი მათგანი მოქმედია და მას 2012-2013 წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები. ამჟამად პრობლემურია მეორე სინაგოგის საკითხი, რომელშიც სპორტული დარბაზი იყო განთავსებული. 2012 წელს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ძალისხმევით და იმჟამინდელი გამგებლის მხარდაჭერით სპორტული დარბაზი გაუქმდა და აღარ ფუნქციონირებს. თუმცა შენობა დასუფთავებას და რესტავრაციას საჭიროებს.


როგორც მიმოხლვიდან ჩანს, რესტიტუციის გაჭიანურების გამო, ისტორიული, კულტურული და რელიგიური ფასეულობის მქონე ნაგებობებისადმი სახელმწიფო არ ან ვერ იჩენს სათანადო მზრუნველობას, მათი რესტავრირება/კონსერვირება/დასუფთავება და დაცვა, უმეტესწილად, არ ხდება, რის შედეგადაც საკულტო შენობა-ნაგებობების უმრავლესობა, რომლებიც, ამავდროულად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად ზიანდება ან/და ინგრევა. იმ შემთვევაში კი, თუ ისინი საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაშია გადასული, მათი ისტორიული იერსახე მიზანმიმართულად იცვლება.






[1]კონსტიტუციური შეთანხმება, მუხლი 7. 1-2.


[2] საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება #3/181-ის მიხედვით, ეკლესიებს - „მუღნეცოც სურბ გევორგ", „ სურბ მინას", „სურბ ნშან", „სურბ ეჩმიაძინ", „ნორაშენ", „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ" და ვანქის ეკლესიის სამრეკლოს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


[3] იხ. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში


[4] სახალხო დამცველმა სურბ ნშანის ტაძარი მოინახულა. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი: http://www.tolerantoba.ge/index.php?news_id=131


[5] სურბ ნშანი -საზოგადოების გულგრილობის ნიშანი, ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24457831.html


[6] მოვლენების ამსახველი ვიდეო-მასალა იხ. ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=UP_SdA_kuLc


[7] ვიდეომასალა ხელმისაწვდომია: http://www.youtube.com/watch?v=oH2kf-XDwuw


[8] ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძრის ისტორიიდან, http://www.sg-sakdari.ge/sakatedro%20tadzari.php


[9] უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (ნო, ბს–275–416–კ–03). სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი წარმოდგენილია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) კვლევაში „რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში", თბილისი, 2014 წელი. კვლევა ხელმისაწვდომია: http://bit.ly/1r8FJHc


[10] ახალი ხელისუფლება - ძველი კათოლიკური ტაძრები, ტაბულა, 23.10.2013, ხელმისაწვდომია: http://www.tabula.ge/ge/story/62285-axali-xelisufleba-dzveli-katolikuri-tadzrebi


[11] სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი #14/10899 (26 მარტი/2014); საქართველოს მთავრობის კანცელარია, წერილი # 10868, 31 მარტი/2014


[12] საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, წერილი #04/11-1272 (17/მარტი/2014 წელი)


[13] „გურამ ოდიშარია მიიჩნევს, რომ სადავო ეკლესიები კათოლიკურია", გივი ავალიანი, ნეტგაზეთი. სტატია ხელმისავწდომია:http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25302/


[14] „კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი", ჟურნალი ლიბერალი, ეკა ჭითანავა, თემო ბარძიმაშვილი. სტატია ხელმისაწვდომია: http://liberali.ge/ge/liberali/articles/100715/


[15] „ნახევარმთვარის მოტაცება", ჟურნალი ტაბულა, 04.02.2011, სტატია ხელმისაწვდომია: http://www.tabula.ge/ge/story/53728-naxevarmtvaris-motaceba


[16] იუდაური თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში მდებარე სინაგოგები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დღემდე სრულად არ არის აღწერილი.


[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №3ბ/ად132, 10 აპრილი, 2001


[18] საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება #3/272


 

 

კატეგორია 3 - 2015-04-15
საინტერესოა    121
გაუმჯობესებადია    91
შესასწორებელია    70
სულ ხმები: 282